23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:29
17-01-2017
პასკუალიტა – მკვდარი პატარძლის მაღაზია

მექსიკის ქალაქ ჩიუაუას საქორწილო მოდის პატარა მაღაზიაში მაღალი მოხდენილი ფიგურა დგას, საპატარძლო კაბაში გამოწყობილი. აგერ უკვე 90 წელზე მეტია, მეტისმეტად რეალისტური მანეკენი მასპინძლობს კლიენტებს თუ უბრალოდ ტურისტებს, რომლებიც ამ ქალაქში ხშირად მხოლოდ პასკუალიტას სანახავად ჩამოდიან. გაცრეცილი კანი, ძარღვებიანი ხელები, ნაკეცები ხელისგულებზე და უჩვეულოდ დაჭრილი ფრჩხილები – ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არწმუნებს ადამიანებს, რომ პასკუალიტა არა მხოლოდ მანეკენია, არამედ კარგად შენახული ბალზამირებული ცხედარი.

ეს “მანეკენი” ამ ცნობილი მაღაზიის ვიტრინაში 1930 წლის 25 მარტს გამოჩნდა. ფართოდ გახელილი შუშის თვალები, ნამდვილი თმა და სხვა დეტალები შიშს გვრიდა არა მხოლოდ გამვლელებს, არამედ მაღაზიის თანამშრომლებსაც. მერე კი აღმოაჩინეს, რომ ის ძალიან ჰგავდა მაღაზიის მფლობელის გარდაცვლილ ქალიშვილს და ხმებიც მაშინ აგორდა, რომ ეს სინამდვილეში მანეკენად ქცეული ცხედარი იყო.


ლეგენდის მიხედვით, მაღაზიის მფლობელს პასკუალა ესპერანსა ერქვა და მას ძალიან ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა, რომლის სახელი ისტორიას არ შემორჩა. გოგონა უნდა გათხოვილიყო, როცა ტრაგიკული შემთხვევითობის წყალობით ქორწილის დღეს უკბინა შხამიანმა ობობამ და გარდაიცვალა. პასკუალა ისე დარდობდა ქალიშვილის გარდაცვალების გამო, ამბობენ, რომ მისი სხეულის მუმიფიცირება ბრძანა და ვიტრინაში დადგა, რომ ყოველთვის პატარძლად დარჩენილიყო და მიწისთვის არ მიებარებინა.

ხმები რომ გავრცელდა, ადგილობრივები აღშფოთდნენ და მაღაზიის მეპატრონეს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ, ის კი ყველაფერს უარყოფდა. ამბობდა, რომ ეს უბრალოდ ძალიან ხარისხიანად გაკეთებული მანეკენი იყო. თუმცა აღარავის სჯეროდა.


წლების შემდეგ ამ ამბავს სხვა საოცარი დეტალებიც დაემატა. ყვებოდნენ, თითქოს მანეკენში შეყვარებული ფრანგი მაგი საღამოობით მას სტუმრობდა, აცოცხლებდა და მასთან ერთად ცეკვავდა მთელი ღამე. იმასაც ამბობდნენ, რომ მანეკენი უთვალთვალებდა მაღაზიის თანამშრომლებს და რომ საგნებსაც უცვლიდა ადგილს, როცა იქ არავინ იყო.


სალონის ახლანდელი მფლობელი მარიო გონსალესი არ ცდილობს ხმების უარყოფას, რადგან ამ ლეგენდას მასთან უამრავი ტურისტი თუ უბრალოდ კლიენტი მოჰყავს. კვირაში ორჯერ უცვლიან მანეკენს სამოსს – ამ დროს ფარდებს აფარებენ. მაღაზიის სულ რამდენიმე თანამშრომელს აქვს ამის უფლება. ერთ-ერთის თქმით, რომელსაც ის გახდილი უნახავს, მისი სხეული სრულიად არ ჰგავს მანეკენის სხეულს.



მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები