23 ივნისი 2017 პარასკევი - 12:28
17-01-2017
ის რაზეც ქალები არასდროს საუბრობენ - რა ხდება, როდესაც შვილს აჩენ

ირინკა ალიაშვილი, 28 წლის, თბილისი

„შვილი მე და ჩემს ქმარსაც ძალიან გვინდოდა, ანუ დაგეგმილად გავაჩინე და წინასწარ მოვემზადეთ ამისათვის. ჩემი ქმარი თან ექიმია, ამიტომ, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციები დავიზეპირეთ და ლამის ერთმანეთს ჩავაბარეთ, ჩემს ორგანიზმსაც ვამზადებდი ორსულობისთვის, ანუ ვცდილობდი ალკოჰოლი აღარ მიმეღო, უფრო ჯანსაღი საკვები მეჭამა და ა.შ. ასევე, მთელი ორსულობის განმავლობაში ბევრს ვკითხულობდი, მარილიანი საკვები სრულად ამოვიღე რაციონიდან და ვამბობდი, რომ მე უნდა ვიყო ისეთივე ხუთოსანი დედა, როგორი „ხუთოსანაც“ სკოლა-უნუვერსიტეტში ვიყავი-მეთქი და მართლა არ მეგონა, ასე თუ გამიჭირდებოდა ფაქტის წინაშე აღმოჩენა. შვილის გაჩენა დიდი შოკი იყო. პირველი ორი-სამი თვე მე და გიო (ავტ. ქმარი) დავდიოდით მთვარეულებივით იმიტომ, რომ ძუძუს რომ ვამჭმევდი, მაშინვე არ იძინებდა, მერე ხელით უნდა გვეტარებინა და ა.შ. მოკლედ, ხან მე ვათენებდი ღამეს, ხან ჩემი ქმარი და ძალიან ცუდად ვიყავით.

პირველად მართლა ვფიქრობდი, რომ ზრდილობის გამო მილოცავდნენ იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი რა იყო მოსალოცი იმაში, რომ მე ასე ცუდად ვიყავი. ჰო, იყო მომენტებიც, როცა ვფიქრობდი „ ვიყავი მზად კი ამ ყველაფრისთვის?!“. გიომაც კი მკითხა ერთხელ - „ ბედნიერი ხარო?!“, იგივე სასოწარკვეთილი თვალებით რომ გავიღვიძე და ეს ის პერიოდი იყო, ყოველ ღამე ლოცვით რომ ვწვებოდი, ნეტა დღეს მაინც იყოს ის ღამე, როცა ლაზარე დაიძინებს-მეთქი. თან პირველი სამი თვე არ ვმუშაობდი, სულ სახლში ვიყავი და facebook-ზე რომ ვუყურებდი, ჩემი მეგობრები ზოგი საზღვარგარეთ იყო, ზოგი კაფეში იჯდა და ა.შ. ამაზე ვტიროდი. როგორი გრძნობა მქონდა იცით?! ბავშვობაში რომ დაგსჯიდნენ, ყველა ეზოში რომ იყო და მარტო შენ მეცადინეობდი გაკვეთილებს. მეგონა, რომ ამ ყველაფერს მე ვეღარასდროს გავაკეთებდი, მარტო ვეღარსად წავიდოდი... და აგერ ერთი კვირის წინ ჩამოვედით მე და ჩემი ქმარი იტალიიდან.

თვითშეფასებაც გეკარგება ამ ყველაფრის ფონზე. მახსოვს ერთხელ მეგობარმა რაღაც მკითხა პოლიტიკაზე და მე ძველებურად ჩავირთე. უცებ გავიფიქრე „თურმე ესეც მცოდნია ეეეე...“. მართლა დავიჯერე, რომ ძუძუს ჭმევის მეტი აღარაფერი ვიცოდი. ახლა ასე აღარ ვარ, მაგრამ იმ პირველ რამდენმე თვეს რომ ვიხსენებ, მართლა თითქოს შავი ფარდები მქონდა ყველგან.

ახალი სიცოცხლის დაბადების მომენტი არის ძალიან ემოციური. ეს ისეთი რამეა, რაც ერთხელ ყველამ უნდა ნახოს. შენიდან გამოდის ცოცხალი ადამიანი და გგონია, რომ ძალიან მაგარი ხარ. რა spiderman-ი?! ის ობობებს უშვებს, შენ ადამიანებს! მაგრამ ის მითია, რომ პირველი დანახვისთანავე გიჟდები იმ ადამიანზე, ვინც გააჩინე. თავიდან მე სულ მქონდა ჩემით აღფრთოვანება. აი, რომ მეკითხებოდნენ „ბავშვი როგორ არის?“ ვიწყებდი ლაპარაკს, მე რა მაგარი ვარ, რომ ეს მე ვქენი და მაინც ცოცხალი ვარ. შვილის შეყვარება მერე მოვიდა თანდათან. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ ახლა, მაგრამ თავიდან ავად როცა ხდებოდა ბავშვი, მაინც ჩემი თავი უფრო მეცოდებოდა, რომ ღამის თენება მიწევდა. ბოლოს ერთი თვის წინ იყო ავად და მაშინ მქონდა პირველად განცდა - „ნეტა მე ვიყო ავად და ეს არა“, ანუ პირველად შემეცოდა ის, როგორც ადამიანი და არა საკუთარი თავი. ეს მოხდა ერთი წლის და ერთი თვის თავზე. იმის ახსნა მინდა, რომ ეს ყველაფერი თანდათან მოდის.

ამ რთული პერიოდის გადალახვაში ძალიან დამეხმარა facebook-ზე დედების ჯგუფი, რომელიც ჩემმა ერთმა მეგობარმა გააკეთა და დამამატა. იქ ვუზიარებდით დედები ერთმანეთს ყველაფერ იმას, რაზეც ყველასთან ვერ ვსაუბრობდით. ამ ჯგუფის საშუალებით აღმოვაჩინე, რომ მარტო მე კი არ ვარ „ისტერიჩკა ფემინისტი“, რომელიც რაღაცეებზე „ვჭედავ“, სხვა ყველა გოგოც ჩემს მდგომარეიბაშია და მხოლოდ იქ დაიწყეს ამაზე ხმამაღლა საუბარი. სხვადასხვა საკითხებზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, ე.წ. „თავზე ხელის გადასმაც“ გვჭირდება ხოლმე ერთმანეთისგან მძიმე მომენტებში და დღეს ჩვენ უკვე ძალიან მაგარი მეგობრები ვართ.

ქალებს ხომ ყველაფერში გვაბულინგებენ, ანუ შვილი თუ არ გყავს გაბულინგებენ და თუ გყავს მაშინაც. შვილის გაჩენის შემდეგ სულ მაგრძნობინებდნენ, რომ ჩემთან ურთიერთობა ისეთივე საინტერესო აღარ არის, როგორიც მანამდე და დამოკიდებულებები, რომ „თუ არ გინდოდა, რატო აჩენდი?! აბა რა გეგონა?!“ ძალიან დამთრგუნველია. ერთხელ მახსოვს, ლაზარე ერთი თვის გაჩენილი მყავდა, სამსამსახურში შევიარე და თანამშრომელმა ქალმა მითხრა „უი, მუცელი დაგრჩენიაო“ და როგორ გავბრაზდი იცი?! ცხრა თვე მეზრდებოდა ეს მუცელი და ბოდიში, რომ ერთი თვის მერე მოდელის ტანზე არ ვარ. თავიდან მეც ავყევი ავტომატურად ამ საერთო დამოკიდებულებებს და დაკლება გადავწყვიტე, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე აღმოვაჩინე, რომ ამ შვიდით მეტი კილოთი მომწონს ჩემი თავი და რატო უნდა მოვიკლა თავი დიეტით?! მანამდე ეს კითხვა არ დამისვამს საკუთარი თავისთვის, ანუ დაპროგრამებულივით ვიყავი - რომ გავაჩენ, მერე უნდა დავიკლო და ა.შ.

გარემოზეც მინდა ვისაუბრო. მანამდე ნაკლებად ვაკვირდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვიყავი იტალიაში, ძალიან მხვდებოდა თვალში ბავშვების სიმრავლე ყველგან - ქუჩაში, მეტროში თუ სხვა ტრანსპორტში. ჩვენთან გარემო ისეთია, რომ ან საერთოდ უარი უნდა თქვა შვილის გაჩენაზე, ან თუ გააჩენ, სახლში უნდა ჩაჯდე შვილიანად იმიტომ, რომ ბავშვის ეტლით ვერსად გაივლი და ვერცერთ ტრანსპორტში ახვალ. მაგალითად, აფთიაქების უმრავლესობაში, იქ, სადაც იყიდება ბავშვის პამპერსი, საკვები, წამლები და ა.შ., ვერ შეხვალ საბავშვო ეტლით. ნუ, რაც შეეხება კაფეებს, თითქმის ყველგან რომ ეწევიან, ეს ერთი პრობლემა, საბავშვო სკამები რომ იშვიათს აქვს ეს მეორე და მესამეა, რომ არც ერთ ამ კაფეში არ არის ბავშვისთვის გამოსაცვლელი კუთხე. საერთოდაც მგონია ხოლმე, რომ ქართველებს ბავშვები არ გვიყვარს, ან გვიყვარს მხოლოდ სადღეგრძელოებში. მოკლედ, გარემოა ისეთი, რომ ბავშვი გარეთ არ უნდა გამოიყვანო, თუ გამოიყვან კიდევ არ უნდა ირბინოს, არ უნდა დახატოს და ა.შ. როცა გარემო ადაპტირებული არ არის, მშობლების ცხოვრება პრაქტიკულად ეწირება შვილის გაჩენას. რაღაცეებს ჩემით ვაგვარებ, აი, მაგალითად, არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას საზოგადოების დამოკიდებულებას ქუჩაში ძუძუს ჭმევის გამო, მაგრამ არის საკითხები, რასაც მარტო ვერ ვუმკლავდებით მშობლები ამ ქვეყანაში. „



მსგავსი სიახლეები
სხვა სიახლეები